„მამაკაცმა გოგოს ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა“…

image
  • 3 846
ესეც გუშინ იყო, მეტროთი რომ ვიმგზავრე "ვაგზლის მოედნიდან" "ავლაბრამდე". ზურგსუკან საუბარმა მიმახედა.
.
– ორ საათამდე ამეებს ჩამოვარიგებ, მერე წამოგიყვან სკოლიდან ჭანიშვილების სახლში. იქ იმეცადინებ, ვიდრე მე დავალაგებ. იცოდე, არაფერს ხელს არ ახლებ.
დაბალ-დაბალი, მრგვალი ქალი იყო.30-31 წლის იქნებოდა, ქერა, ნაცრისფერი თვალებით. ცალ ხელში უამრავი საოფისე კონვერტი ეჭირა, მეორეთი ცხრა-ათი წლის გოგო ბავშვს აკავებდა მოძრავ ვაგონში.
.
– თერთმეტი ლარი იყო დენი გადასახდელი. ხვალ შენგელიების სახლს დავალაგებ, შაბათს სარეცხი და უბორკა მაქვს ნოზაძეებთან და კვირას გიყიდი ბაზრობაზე მათემატიკის წიგნს და "ფარმადეპოში" ბებოს წამლებს…
.
loading...
ბავშვმა უხმოდ დაუქნია თავი და "კორსო იტალიას" რეკლამას გახედა.
მომეწურა, მომეწურა გული, რაღაც ცივი და მძიმე ჩამესხა. შემდეგი სადგური "თავისუფლების მოედანიო" უკვე ინგლისურადაც გამოგვიცხადა რადიომ, დედა-შვილმა კარისკენ გადმოინაცვლეს. უცებ ჩემს წინ, მარცხნიდან მარჯვნივ გაიარა მამაკაცის ხელმა, ბავშვი-გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომა…
.
ეგ მერე ვნახე, ორი ცალი რომ იყო ოცლარიანი, მატარებელი რომ უკვე გვირაბში მიჰქროდა, დედას რომ მიაწოდა დაბნეულმა გოგომ ფული. მეტროს მგზავრს თავადაც არ აქვს ხშირად ბევრი…

 

loading...