დაკავებულია მამაკაცი, რომელიც კახი კალაძის ძმის გატაცების საქმეში ფიგურირებს

image
  • 2 373
სამართალდამცავებმა თბილისში შუახნის მამაკაცი დააკავეს, რომელიც „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, წარსულში არაერთ გახმაურებლ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის კახი კალაძის ძმის გატაცების საქმეში.

საუბარია ნოდარ გვიჩიანზე, რომელიც ამჯერად პეკინის ქუჩაზე დააკავეს. სავარაუდოდ, მას საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, თუმცა მისი კრიმინალური წარსული გაცილებით მძიმე დანაშაულებებს ითვლის.

ნოდარ გვიჩიანი კახი კალაძის ძმის გატაცების საქმის გარდა ფიგურირებს აფრასიძეების საქმეში და ასევე „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში, რის გამოც თავის დროზე უვადო პატიმრობა მიესაჯა გია გვიჩიანს, რომელიც დეტალურად აღწერს ნოდარ გვიჩიანის როლს სხვადასხვა გახმაურებულ დანაშაულში.

„ვინ არის ნოდარ გვიჩიანი? ის იმ დროისათვის 4-ჯერ ნასამართლევი ცნობილი კრიმინალი თაღლითი და ნარკომოვაჭრე იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნოდარ გვიჩიანმა შეცდომაში შეიყვანა კალაძეების ოჯახი, 200 ათასი დოლარი გამოართვა გატაცებული ლევან კალაძის ვითომდა დასაბრუნებლად და შემდეგ ამ თანხის მითვისება აფრასიძეებს დააბრალა. ნოდარ გვიჩიანის მიერ პოლიციისათვის მიცემულმა ცრუ ინფორმაციამ დიდი როლი ითამაშა აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიაში. 2005 წლის 10 ნოემბერს, დიდი ოდენობით ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტზე დაკავებულმა ნოდარ გვიჩიანმა საპყრობილედან თავის დაღწევის მიზნით შეცდომაში შეიყვანა გამოძიება და საპროცესო გარიგების საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ მისცა ცრუ ჩვენება. შედეგად "ადეიშვილის პროკურატურამ" ნოდარ გვიჩიანი სრულად გაათავისუფლა სასჯელისაგან, ხოლო მე საჩვენებლად დამაპატიმრა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფსევდონიმით გათავისუფლებულმა ნოდარ გვიჩიანმა, სხვა გვარით და სახელით, უკრაინაში კვლავ დანაშაული ჩაიდინა. აი, ამ ადამიანის 9-ჯერ შეცვლილი, აბსურდული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების საფუძველზე მომესაჯა სამუდამო პატიმრობა. სხვა მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ არ არსებობდა“, - ამბობს გია გვიჩიანი, რომლის საქმეს პროკურატურამ ხელახლა გადახედა და სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
loading...
ნოდარ გვიჩიანის დედა, ლიდა გვიჩიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ მისი შვილი ნამდვილად დააკავეს, თუმცა კონკრეტულად რა დანაშაულს ედავება გამოძიება, არ აკონკრეტებს.

„იგივე ხდება, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ჩემს შვილს უკანონოდ დევნიან. ქვას ქვაზე არ დავტოვებ. სამი ბავშვის მამააა, პატარა ხუთი თვის არის, დაგვეცნენ სახლში და აიყვანეს“, - ამბობს ლიდა გვიჩიანი, რომლის თქმითაც მისი ოჯახი საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს.

ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნოდარ გვიჩიანს წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.