სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინა

image
  • 247
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრირებისთვის საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციაში 72 ათასზე მეტი ხელმოწერა შეიტანა.

ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მუშაობდა ხელმოწერების შეგროვებისთვის. ასევე, მადლობა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს და საშუალება მომცეს, საპრეზიდენტო კანდიდატად დავრეგისტრირდე. მადლობას მოვახსენებ მათაც, ვინც არ მოაწერა ხელი, რადგან მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მისი წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ეტაპი 12 სექტემბერს ქუთაისიდან იწყება.
loading...
„ყველა რეგიონს მოვივლი და საბოლოო მარათონის ფარგლებში შეხვედრებს თბილისშიც გავმართავ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან თავი შეიკავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე საუბრისგან, სადაც მმართველი გუნდი იმსჯელებს, თუ რა ფორმით ჩაერთვება საპრეზიდენტო არჩევნებში და ვის დაუჭერს მხარს. ზურაბიშვილის თქმით, სჯობს, ყველა მხარე პარტიის გადაწყვეტილებას დაელოდოს.

ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე სრულდება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა კი, ხვალ 17:00 საათზე გაიმართება.

 

loading...