„შუა ქალაქის“ მსახიობებს „მარშელმა“ ნემსაძემ ვიდეო გაუვრცელა - „უნდა ვუჩივლოთ“

image
  • 2 955
სერიალ „შუა ქალაქის“ მსახიობების - გოგა ბარბაქაძისა და მაია დობორჯგინიძის ოჯახი უცნაური პროვოკაციული ფაქტის მსხვერპლია.

ისტორია ასე იწყება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, „ქართული მარშის“ წევრმა - დავით ნემსაძემ, რომელსაც უამრავი ფეიკ გვერდი აქვს „ფეისბუქზე“ და ბოლო პერიოდია ვიდეო ბლოგების ჩაწერით არის დაკავებული, რამდენიმე კვირის წინ “აზიმუტის” გვერდზე (ნემსაძის გვერდი) ატვირთა ვიდეო, რომელშიც ამბობს, თუ რა უსამართლობაა თავდაცვის სამინისტროში - „შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევი, 2008 წლის ომის მონაწილე, დღეს „მაკდონალდსში“ მუშაობს. შეიარაღებული ძალებიდან ის ჯანჯღავასნაირმა ნაძირლებმა უმოტივაციოდ გააგდეს, ეს მდედრი კი ღამის შოუელი მარიკაა. ამჯერად თავდაცვის სამინისტროშია დასაქმებული. თავდაცვის სამინსტროში მსახიობი მუშაობს და თანაც პოლკოვნიკის ხელფასი გაქვს. მე იმ ხელისუფლების სახელმწიფოებრივ ხედვებს გავარტყი, სადაც 2008 წლის ომის მონაწილე, არმიის პოლკოვნიკი გაბიევი „მაკდონალდსში“ მუშაობს, ხოლო „ღამის შოუს“ მასხარა თავდაცვის სამინისტროში პოლკვნიკის ადგილზეა დასაქმებული.“

ამ ვიდეოს  გავრცელების დროს (დიდი გაზიარება ჰქონდა), მაიკოს ქმარი, მსახიობი გოგა ბარბაქაძე („შუა ქალაქის“ დათო) გასტროლით იყო თურქეთში და როცა ჩამოვიდა, ნემსაძეს მესენჯერის მეშვეობით შეხვედრას სთხოვდა. დავითი უპასუხოდ ტოვებდა გოგას თხოვნას. „გამიკვირდა, რომ ასე მარტივად დაიჯერეს ამ ადამიანის მიერ გავრცელებული სიცრუე  ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით. და მაიას მისამართით სალანღავ კომენტარებს არ იშურებდნენ. დავითს ვთხოვდით აეღო ეს ვიდეო. მან არ აიღო. მერე როგორც ჩანს, ფეისბუქმა დაბლოკა“ –„პრაიმტაიმს“ განუცხადა გოგამ.

ინციდენტი სატრენაჟორო დარბაზთან

რამდენიმე დღეში დავითს სატრენაჟორო დარბაზში შემთხვევით გადააწყდა გოგას ძმა, რევაზ ნაცარიშვილი. რევაზმა ძმას უხმო...

გოგა ბარბაქაძე: - ბედის ირონიით, სადაც ჩემი ძმა - რევაზ ნაცარიშვილი ვარჯიშობს, იმავე დარბაზში ვარჯიშობს თურმე დავითიც. რეზიმ დამირეკა, აქ არის, მოდი და დაელაპარაკეო. მე და რეზიმ დარბაზიდან გამოვიყვანეთ და საქმის გარკვევა ვცადეთ. ის თავის პოზიციაზე დარჩა - თავდაცვის სამინისტროში ათასი მასხარა მუშაობსო. სამჯერ გავგზავნე წერილი კითხვით, მაია დობორჯგინიძე მუშაობს თუ არა სამინისტროში და პასუხი არ მიმიღია და თქვენ რატომ დაგიჯეროთო? დიალოგის დროს აგრესიული იყო. რეზიკოსკენ გაიწია, ჩემმა ძმამ კი თავის დაცვის მიზნით ხელი მოუქნია და დავითს წარბთან მოხვდა და გაუჩნდა ნაკაწრი. მაშინვე გამოიძახა პოლიცია - მცემესო და პროკუტარურაში მე და ჩემი ძმა წაგვიყვანეს. პირველ ჩვენებაში თქვა, ჩემზე განხორციელდა თავდასხმა თავდაცვისა და უშიშროების სპეცრაზმის ათ კაციანი ჯგუფის მიერო. მეორე ჩვენება დაამძიმა, თითქოს ჩემი ძმა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. იქ იყვნენ, მოწმეები (რეზის იცნობენ სატრენაჟორო დარბაზში), მუქარა არ ყოფილა. იცრუა მითვალთვალებდნენო. თუ ვუთვალთვალებდი და უშიშროებაში ვმუშაობდი,  თურქეთიდან ჩამოსვლისთანავე ვიპოვიდი, მესენჯერში კი არ ვთხოვდი შეხვედრას. შსს-ს თანამშრომელ ქალს ურეკავს, მძიმედ ვარ ტვინის შერყევა მაქვსო და მეორე დღეს მივიდა სავარჯიშოდ ისევ იმ დარბაზში, სადაც უკვე აღარ შეუშვეს. უშიშროებამ მომიგზავნა ეს ხალხიო - აღარ ჩერდება. ჩემ მეუღლეს ეხებოდა და ვისი მიგზავნა მჭირდებოდა? ეს ადამიანი არ არის ნორმალური, არა ადეკვატურია.

პრე ისტორია

თავდაპირველად, სოციალურ ქსელში, ავთანდილ ვარსიმაშვილს მიწერა ქალბატონმა, ვრცელდება ასეთი ვიდეო და პასუხი გაეცითო. რეჟისორმა უპასუხა დავითს, რომ მაია დობორჯგინიძე მხოლოდ თავისუფალი თეატრის თანამშრომელია, ადრე მსახიობი იყო, ახლა რეჟისორია. და ასევე თეატრალურ უნივერსიტეტში აქვს ლექციები. მერე უკვე მაიამაც ნახა ვიდეო.

„სიმართლეს ვინც ვეუბნებოდით, ყველას გვლანძღავდნენ დავითის მიმდევრები „ფეისბუქზე“. ბატონ ავთოს სამი წერილი აქვს მიწერილი იმის დასამტკიცებლად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ცილისწამებაა. ვითხოვდით, რომ ეს ვიდეო აეღო თავისი გვერდებიდან. როგორც მივხვდი, ეს ადამიანი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს“ – „პრაიმტაიმს“ უყვება მაია დობორჯგინიძე.

რატომ გაათავისუფლეს სამინისტროდან

როგორც „პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროში გადაამოწმა, დავითი ნამდვილად იყო სამინისტროს თანამშრომელი. 2016 წლის 23 მაისს კი გათავისუფლებულ იქნა სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი საქციელის გამო. ამჟამად სოციალურ ქსელში აქვს რამდენიმე ფეიკ გვერდი. მათ შორის - არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი (დავით ელგუჯას ძე ნემსაძე), აზიმუტი (12 ათასამდე ლაიქერით). იქვე ითხოვს - გამოიწერეთ ჩემი ვიდეო ბლოგები იუთუბიზე.

პროვოკატორ ადამიანად ახასიათებენ, ვიღაცის დავალებას ასრულებს, მაგრამ კონკრეტულად ვისას, უცნობიაო, ამბობენ. „კომენტარებში უწერენ, თავდაცვის სამინისტროშიც პასტა და ფურცლით დარბოდა და იმიტომ გამოუშვეს იქიდანო“ - იხსენებს გოგა.

„ხალხს ატყუებს, შეურაცხყობას აყენებს ამდენ ლაიქერს და ვიდეო გამომწერს“- ამატებს მაიკო.

„აუცილებლად ვუჩივლებთ!“
loading...
მსახიობები მორალური ზარალის მიყენებისთვის ჩივილს აპირებენ.

მაია დობორჯგინიძე: - იმდენად შორს ვართ ჩივილისგან, ნასამართლეობისგან, რომ ახლა საერთოდ პირველად მოვხვდით სასამართლოში. ნასამართლევი არავინ მყოლია. ჩავითრიე ყველა მეგობარი, სტუდენტები, ახლობლები... არ მინდა ჩემს გარშემო, რომ ეს ბოროტება ხდებოდეს. იმდენი მიმდევარი ყავს „ფეიბუქზე“, რატომ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს ჩვენზე მცდარი წარმოდგენა?  ბევრმა, როდესაც შეიტყო, რომ დავითი იტყუებოდა და მას უნებლიედ აჰყვნენ, მოგვიანებით ბოდიში მოიხადეს და კომენტარებიც აიღეს. ყველა მისი გვერდი დასაბლოკი და გასაუქმებელია. არ შეიძლება ეგონოთ, რომ ეს კაცი ჯანმრთელია. გოგას რომ შეეხნენ კომენტარებში, უფრო განვიცადე. გაჩერდეს! და თუ არ გაჩერდება, აუცილებლად ვუჩივლებთ, მორალური კომპენსაციის მისაღებად. ჩემი ცხოვრების ბევრი დრო დავუთმე ამ სისულელეების კითხვას და ვიდეოების ყურებას, პასუხების გაცემას... ცილისწამებაა. სიმართლეს ვერ ამტკიცებს, ისევ ტყუის, რომ ჯგუფური თავდასხმა მოხდა მისი მისამართით, ცემეს, გამწარებული წერს ისევ ვიდეობლოგებს. თითქოს ჩვენ ვასრულებთ შსს-ს დაკვეთას. მოვუწოდებ იმ ხალხს, ვინც ამ ადამიანს ალაიქებს და გულებს უწერს და მის ძმასთან ( ერმილე ნემსაძე) ერთად ქვეყნის გადამრჩენელი ჰგონიათ - ნუ უჯერებთ. მასხარებს გვიწოდებს და თუ მასახარაობა ჩვენი საქმეა, ისეთ ვიდეოებს გადავიღებთ და ისეთი ხალხის ჩართვით... ვანახებთ!

გოგა ბარბაქაძე: - ისეთ დღეში ჩაგვყარა მორალური ზიანის მოყენებისთვის კომპენსაციას მოვითხოვ. ეს საქმე ასე როგორ დავამთავრო? ხალხმა ხომ უნდა გაიგოს - ვინ არის? მსახიობებს მასხარებს ხომ გვიწოდებს, თვითონ მასხარაობაში გადაგვიჯოკრა. როგორც ჩანს, ცდილობს გახდეს პოპულარული. ეს ხერხი იპოვა, მიზნის მისაღწევად - ადამიანებს არჩევს. ვახო ბიჭიკაშვილი და ლექს-სენიც ახსენა - სამინისტროში მუშაობენო. ან აფინანსებენ, არასამთავრობოს ვარიანტში, რაც მეტს იყვირებს, მეტ თანხას მისცემენ. რასაც ვუყურებ, საზოგადოებისთვის ძალიან საშიში ადამიანია. ყოველთვის ჩემნაირად გაწონასწორებული ადამიანი ხომ არ შეხვდება? შეიძლება პირველივე ნახვის დროს ისეთ უბედურებაში გახვიოს ვინმე, დაღუპოს. სასაცილოა, ჩემი ძმა ისჯება და ეს ცილისმწამელი ადამიანი თავისუფალია და კიდევ ვიდეოებს დებს. მეომარი ვარო და მეომარი ადამიანი ქალს ასეთ  შეურაცხყოფას არ მიაყენებს. ქვეყნის მეომარმა არ იცის, რომელია რუსთაველის თეატრის შენობა და თეატრის გვერდით მდებარე ბანკზე, რომელსაც აწერია ქირავდებაო - ვიდეო ჩაწერა, რუსთაველის თეატრი ქირავდებაო.

„უნდა შეწყდეს ფსიქოლოგიური ტერორი“

გოგას ძმა რეზი ნაცარიშვილი სატრენაჟორო დარბაზთან მომხდარი ინციდენტის გამო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. პასუხისმგებლობა ჯერ არ აქვს მოხსნილი, მიმდინარეობს სასამართლო დავა, ბრალი აქვს წაყენებული ცემის მუხლით და დამატებით - მუქარის მუხლით. სასამართლო პროცესი 22 მაისსაა ჩანიშნული.

მარიამ კუბლაშვილი, რეზი ნაცარიშვილის ადვოკატი: - ჩვენი ინტერესი და მოტივია, რომ დავაყენოთ გამამართლებელი განაჩენი, რომ რეზის არ ჩაუდენია არანაირი მუქარა. და ეს არის ცილისწამება. ცემა უნდა გადაკვალიფიცირდეს, რომ ეს იყო თავდაცვა. და გვაქვს ჩვენი სტრატეგია. განსასაზღვრია დაზიანების ნაწილი. ნემსაძეს ჰქონდა ნაკაწრი თვალთან, ეს არ არის დაზიანება. ისიც საკითხავია, მსუბუქი დაზიანების რიცხვში შედის თუ - არა. ძალიან სამწუხაროა, რომ ცილისწამების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი აღარ არის. იმდენად აქტუალურია სიტყვის თავისუფლება, ხვალ სხვა ადამიანსაც რომ მიაყენონ შეურაცხყოფა, დასწამონ ცილი, საპასუხოდ მანაც უნდა გააკეთოს ასეთივე ლაივი, მის წინააღმდეგ რამე მოიგონოს და ამ ფორმით უნდა გააგრძელოს დავა. სხვა სიტუაციაში ვართ აქ - საქართველოში, ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, დაუმსახურებელ ამორალულ ფრაზებს უწერენ და ამდენად კარგი იქნებოდა დასჯადი იყოს მსგავსი ქმედება. ეს ძალადობა უნდა აღმოიფხვრას, გაფრთხილება უნდა მიეცეს. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს ცილისწამებები, აღმოიფხვრას კონფლიქტი. მოიხადოს ბოდიში, შედგეს შეთანხმების აქტი, რაზეც წინააღმდეგია. პირიქით, მოითხოვს გოგა ბარბაქაძის დასჯასაც, რადგან ისიც იქ იყო და რეზის ბრალი აქვს წაყენებული ჯგუფურ თავდასხმაში. სადაური მოძალადეა გოგა ბარბაქაძე? ფსიქოლოგიურ ტერორს ვინ ახორციელებს? სანდო წყარომ მითხრა, რომ ბევრი ფეიკ ექაუნთი აქვს და აპირებს ჩემზე  ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. ეს ერთგვარი მუქარაა. ასე თუ მოხდება, განცხადებას დავწერ. ეს საქმე უნდა იყოს მაგალითი, რომ შეწყდეს ფსიქოლოგიური ტერორი.

 

loading...