რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ხშირად მდიდარი ადამიანები?

image
  • 7 028
2 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფიო ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების პროფორიენტაციასა და ფინანსური წარმატების მოპოვების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილია მოცულობითი ინფორმაციისა, რადგან ფინანსური წარმატების შანსები პირველ რიგში ადამიანის პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული.

ვერძი – მოუთმენელი ვერძი ყველაზე სულსწრაფი ზოდიაქოს ნიშანია. ხუმრობაც კი არსებობს – „ვერძს ყველაფერი დღეს კი არა, გუშინ უნდა“. დამოუკიდებელი ვერძი დაბადებიდანვე მებრძოლი, ლიდერი და პიონერია, რომელსაც მოსწონს სიახლეები და ძალიან არ უყვარს გაკვალული გზით სიარული. ვერძთა უმეტესობა ყოველთვის საკუთარი საქმის დაწყებას ცდილობს, რადგან ძალიან უჭირს ქვეშევრდომის როლში ყოფნა. განსაკუთრებულ წარმატებას ზოდიაქოს ეს ნიშანი სპორტში, შოუბიზნესსა და პიარ-მარკეტინგში აღწევს, რადგან ნაკლებად მორცხვსა და მორიდებულს ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მით უფრო, რომ უსაზღვროდ ენერგიული ხშირად რამდენიმე საქმესაც ეჭიდება ერთდროულად. უსაშველოდ მფლანგველი ვერძი ყოველთვის სპონტანურად ხარჯავს ფულს და მართალია, არასდროს აქვს დანაზოგი, მაგრამ არც ფინანსურ პრობლემები ექმნება, რადგან ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მომავალი ბევრად უკეთესი იქნება და ფულიც თითქოს თვითონ პოულობენ იღბლიან ვერძს.

კურო – ძალიან მშრომელ და წინდახედულ კუროს, რომლისთვისაც მთავარი პროგნოზირებადი მომავალია, ძალიან უყვარს ფულის დაზოგვა, შეგროვება და ყოველთვის სტაბილური საშუალო შემოსავალი ურჩევნია მსხვილ, თუმცა სარისკო მოგებას და გასაკვირი არაა, რომ საქმიანობის სფეროდაც აუცილებლად ნაკლებად სარისკო საქმიანობას, მაგალითად საბანკო-საფინანსო სფეროს ირჩევს. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან მოსწონს ფერმერობა და მიწაზე მუშაობა. ამასთანავე, ყოველთვის კარგი დიზაინერი და კოსმეტოლოგია,

ტყუპები – ზოდიაქოს ამ ნიშანს მერკური – ინფორმაციის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მფარველობს, ამიტომ საოცარი კომერციული ნიჭით დაჯილდოვებული ტყუპები, მართალია სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მეტწილად სწორედ ინფორმაციის გაყიდვით შოულობენ ფულს და გასაკვირი არაა, რომ ცნობილი ჟურნალისტების და მწერლების უმეტესობაც სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნითაა დაბადებული. ტყუპებს ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ წარმატების მიღწევა, სადაც ხელით სწრაფად მუშაობაა საჭირო, ამიტომ   არაჩვეულებრივი სტილისტები, ვიზაჟისტები და ფოტოგრაფები არიან. ვერძის მსგავსად არც ტყუპებს უყვართ ფულის დაზოგვა და შეგროვება, ერთნაირად მსუბუქად ეკიდებიან შემოსავალსაც და ხარჯსაც, საოცრად ოპტიმისტები, ხელგაშლილები არიან და არასდროს დარდობენ ფინანსურ პრობლემებზე, რადგან სჯერათ, რომ ყოველთვის შეძლებენ ფულის შოვნას.

კირჩხიბი – ფულის საუკეთესო „კოლექციონერი“ კირჩხიბები საკმაოდ ძუნწი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს კომფორტულად, როცა იცის, რომ დანაზოგი „შავი დღისთვისაც“ საკმარისი აქვს. აღსანიშნავია, რომ კირჩხიბის წუწუნი სულაც არ ნიშნავს რეალურ მატერიალურ პრობლემებს, უბრალოდ ძალიან განიცდის, რომ გადანახული ფულის ხარჯვა მოუწია. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საქმიანობის საუკეთესო სფეროდ კულინარია და საბანკო სფერო, კერძო და საოჯახო ბიზნესი ითვლება.

ლომი – ხელგაშლილი და  უსაშველოდ მფლანგველი ლომი, რომელსაც ძალიან უყვარს პუბლიკის წინაშე ფულის ხარჯვა, ყოველთვის ფუფუნებაში ცხოვრებას, ძვირფასი ნივთების შეძენას, ახლობლებისთვის და საკუთარი თავისთვის დღესასწაულების მოწყობას ცდილობს. ქალბატონებს განსაკუთრებით ხიბლავთ ოქროს სამკაული და ძვირფასი პარფიუმერია. ცეცხლის ნიშანი ლომი, რომელიც ვერძის მსგავსად ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებში, ბუნებით ლიდერია და კარგად გამოსდის კოლეგების მართვა, საქმიანობის სფეროდ კი, მეტწილად პოლიტიკას, სახელმწიფო, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს ირჩევს, რადგან უყვარს ძალაუფლება და თუ მაღალი თანამდებობა ვერ მოიპოვა, საკუთარი ორგანიზატორული ნიჭის წყალობით აუცილებლად საშუალო რგოლის ხელმძღვანელი იქნება. კომფორტულად გრძნობს თავს კერძო ბიზნესშიც, სადაც მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. სხვათაშორის, ლომებს შორის მრავლად არიან წარმატებული მუსიკოსები და მსახიობები.

ქალწული – ჟურნალ „ფორბსის“ სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი, სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადება, რადგან უსაზღვროდ მშრომელი ქალწული ყოველთვის აუჩქარებლად და მოთმინებით აშენებს საკუთარ ფინანსურ იმპერიას, თუმცა საქმეებში ჩაფლულს ხშირად პირადი ცხოვრება რჩება უყურადღებოდ. წინდახედულ და პრაქტიკულ, საკმაოდ ძუნწ ქალწულს ძალიან არ უყვარს ფულის ფუჭად ხარჯვა, აფასებს მაღალი ხარისხის ნივთებს და სწორედ ხარისხში იხდის ფულს, საქმიანობის წარმატებულ სფეროდ კი, საბანკო-საფინანსო, უძრავი ქონების და  სამედიცინო ბიზნესი, კონსულტანციისა და ანალიტიკის სფერო ითვლება, რადგან არაჩვეულებრივი ანალიტიკური აზროვნების პატრონს სწორედ ამ სფეროში შეუძლია სოლიდური ფინანსების შოვნა.  სხვათაშორის, ძალიან იშვიათია ღარიბი ქალწული, რადგან წინდახედულსა და პრაქტიკულს არასდროს ექმნება ფინანსური პრობლემები.
loading...
სასწორი – მართალია, სასწორი არაა ძუნწი, მაგრამ არც განსაკუთრებული ხელგაშლილობით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშანს არასდროს ენანება ფული ლამაზი ნივთების შესაძენად და საკუთარი თავის მოვლაშიც ყოველთვის სოლიდურ თანხას ხარჯავს, საუკეთესო საქმიანობად კი, შუამავლობა და სხვადასხვა სფეროში კონსულტირება ითვლება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სასწორი ყოველთვის კარგი ექსპერტი, იურისტი და პოლიტიკოსია, არანაკლებ წარმატებას აღწევს დიზაინსა და არქიტექტურაში,  თეატრსა და შოუბიზნესში.

მორიელი – ქალწულის მსგავსად, მორიელის ნიშნითაც უამრავი მდიდარი ადამიანია დაბადებული. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის უმთავრესი ძალაუფლებაა, რომლის მოპოვების მთავარ ბერკეტად სწორედ ფინანსებს მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ მორიელს ძალიან უყვარს დიდი ფულის შონასთან დაკავშირებული რისკი, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ ნიშნით დაიბადა კრიმინალურ ავტორიტეთა უმეტესობა, თუმცა მაქსიმალისტი მორიელი ყოველთვის სწრაფად შოულობს ფულს, სწრაფადვე კარგავს და ფინანსური კატასტროფის მსხვერპლიც ხშირად ხდება, რადგან აღზევება და დაცემა მისი თანდაყოლილი თავისებურებაა. სხვათაშორის, სწორედ მორიელის ნიშნით დაიბადნენ ბილ გეიტსი და რომან აბრამოვიჩი, რომელთაც საკმაოდ სწრაფად შეძლეს დიდძალი ქონების დაგროვება.

მშვილდოსანი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე იღბლიანი მშვილდოსნის მუდამ პოზიტიურ განწყობაზე ყველაზე კეთილი პლანეტა იუპიტერი ზრუნავს, რომელიც წარმატების და იღბლის პლანეტად ითვლება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მშვილდოსანთა დიდი ნაწილი გამოუსწორებელი ოპტიმისტია, არავის აბეზრებს თავს საკუთარი პრობლემებით, ცუდ განწყობაზეც არ კარგავს იუმორის გრძნობას და რადგან სამყარო ყოველთვის იმას გვაძლევს, რისიც გჯერა, ამიტომ მშვილდოსანასაც ყოველთვის უმართლებს. ცნობისმოყვარე მშვილდოსანი ძირითადად იმ სფეროში საქმიანობს, რომელიც მოგზაურობასთან და ტურიზთან, შემეცნებასა და რეკლამასთანაა დაკავშირებული. თუმცა, მოუსვენარი და ზედმეტად აქტიური სპორტშიც დიდ წარმატებას აღწევს, საკუთარი ქარიზმის წყალობით კი, ყოველთვის კარგი იურისტი და პოლიტიკოსია. აღსანიშნავია, რომ საოცარად  ხელგაშლილი მშვილდოსანი არაფერს იშურებს ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, ამიტომ ხშირად განიცდის ფინანსურ სირთულეებს, მით უფრო, რომ არასდროს ამბობს მეგობრის დახმარებაზე საკუთარი საქმის საზარალოდ.

თხის რქა
– ასტროლოგების შეფასებით რეალისტი თხის რქა, რომელმაც კარგად იცის საკუთარი თავის ფასი, ყველაზე მშრომელი ზოდიაქოს ნიშანია, რადგან ჯიუტი და ძალიან ამბიციური, მუდმივად სოციალური სტატუსის ამაღლებაზეა ორიენტირებული. ზოდიაქოს ამ ნიშანს საკუთარი ოჯახიც ხშირად დაუყენებია საფრთხის წინაშე წარმატებული კარიერის სანაცვლოდ. თხის რქა აუცილებლად კარგი ხელმძღვანელი და მმართველია, რომლის ნდობა ყოველთვის შეიძლება, რადგან ნებისმიერ საქმეს იდეალურად ასრულებს და ბოლომდე მიიყვანს. მართალია, მშვილდოსნისგან განსხვავებით, პრინციპულ და საოცრად მომთმენ თქხის რქას ნაკლებად უმართლებს, მაგრამ ყოველთვის აღწევს სასურველ შედეგს საკუთარი შრომისუნარიანობის წყალობით, მით უფრო რომ არასდროს აშინებს გამოწვევები და სირთულეები. სხვათაშორის, ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონი, ხშირად მთელ ენერგიას მეუღლეს და მის წარმატებულ კარიერას სწირავს.

მერწყული – ქალწულისა და მორიელის შემდეგ, სწორედ მერწყული ითვლება მდიდარი ადამიანების ზოდიაქოს ნიშნად. მერწყული კოლექტიური საქმიანობის მოყვარულია და სწორედ ერთობლივი მუშაობაა მისი წარმატების მთავარი გარანტორი, რადგან არასდროს ჰყოფს ადამიანებს სოციალური სტატუსის მიხედვით და საუკეთესო  ხელმძღვანელს, რომელსაც ერთნაირი უშუალო დამოკიდებულება აქვს ყველასთან, ქვეშევრდომებიც ყოველთვის დიდ პატივს სცემენ. მერწყულს არასდროს აშინებს ფინანსების ახალ პროექტში დაბანდება, რადგან ძალიან იზიდავს ყველაფერი ახალი, ნოვატორული და კარგი ინტუიციის პატრონი სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციების წყალობით ახერხებს გამდიდრებას. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს მომავლის განჭრეტის საოცარი უნარი აქვს, ამიტომ შანსების გათვლა და ერთგვარად წინასწარმეტყველებაც ყოველთვის კარგად გამოსდის. მართალია, მერწყული არაა ძუნწი, მაგრამ ძალიან არ უყვარს ფულის ყოველდღიურ წვრილმანებში ხარჯვა, რადგან ფინანსების დაბადება მსხვილ და გლობალურ პროექტებში ურჩევნია. ამასთანავე, მერწყული ყოველთვის კარგი პოლიტიკოსია, რადგან ბუნებით ჰუმანისტი აქტიურად ინტერესდება გლობალური პრობლემებით. მართალია, მეწყული საოცრად ნიჭიერია, მაგრამ მას მუშაობის ინდივიდუალური გრაფიკი სჭირდება, რათა არავინ და არაფერმა შეზღუდოს.

თევზები – ჰუმანური, თუმცა ცოტა ქაოტური თევზები საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც მუდმივად იმ „გადამრჩენელის“ მოლოდინშია, ვინც ხელს მოჰკიდებს და ადგილიდან დაძრავს. ჩვეულებრივ, თევზები ილუზიებით, ნაკლებად აქტიურად ცხოვრობენ, დინებას მიჰყვებიან და მომავლის იმედი უფრო აქვთ, ვიდრე აწმყოსი, თუმცა მშვილდოსნის მსგავსად მათაც ძალიან ხშირად უმართლებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის მთავარია მიაგნოს საყვარელ საქმეს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს წარმატების მიღწევას. თევზებისთვის ყველაზე მისაღები ფსიქოლოგიის და თეოლოგიის, შემოქმედებით და სახელოვნებო სფეროა, რადგან საოცარი გარდასახვის და მუსიკის ნიჭი აქვთ, თუმცა, საკმაოდ გულუბრყვილო დამოკიდებულება აქვთ ფულთან და ყოველთვის ისე ფლანგავენ, ვერც ხვდებიან სად დახარჯეს, ამასთანავე,  ნაკლებად მატერიალისტისთვის სამუშაო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ანაზღაურება.

 

loading...