მამუკა ბახტაძე გადადგა

image
  • 211
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაპოსტა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი მოვალეობას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე გააგრძელებს.

საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტმა მთავრობას ნდობა უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებულმა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს. მინისტრთა კაბინეტს კი, ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის, სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ.
loading...
მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, მინისტრად დანიშვნამდე კი, 2013-2017 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

 

loading...