თამარ ჩუგოშვილი - „ომეგა ჯგუფი“ მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს

image
  • 127
„ომეგა ჯგუფი“ მედიასაშუალებასთან კავშირს ბოროტად იყენებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბიზნესმენებმა თავიანთი ფინანსური პრობლემები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად არ უნდა შეაფასონ და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე უნდა გაარკვიონ.

„მგონია, ძალიან არასწორი მიდგომაა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთ ფინანსურ პრობლემებს ნათლავენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად. „იბერიას“ მფლობელებს თუ აქვთ რაღაც ფინანსური პრობლემები, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იქცევა სხვა ნებისმიერი ბიზნესი და ბოროტად არ გამოიყენონ ის, რომ კავშირი აქვთ რომელიმე მედიასაშუალებასთან.

მგონია, ბოროტად გამოყენებას უფრო აქვს ამ შემთხვევაში ადგილი, გადასახადები უნდა გადაიხადონ კომპანიებმა და მეწილეებმა ერთმანეთთან ურთიერთობები უნდა გაარკვიონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
loading...
ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფი“ ორი წელია, ხელოვნურად შექმნილი ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ თუ სურთ, მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, ტელევიზია უნდა დათმონ.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

 

loading...