"ექოსკოპიამ ისეთი რამ აჩვენა, რომ ექიმებმა ორსულ ქალს ერთხმად ნაყოფის მოცილება ურჩიეს" - აი, როგორია დღეს ამ ორსულობის შედეგი

image
  • 3 958
დეკანოზი სერაფიმე დანელია საკუთარი ქალიშვილის დაბადების დაუჯერებელ და მისტიკურ ამბავს იხსენებს.
გთავაზობთ ამ პოსტს:
"საოცარი ის იყო, რომ ორივეჯერ ექოსკოპიამ ისეთი რამ აჩვენა, რომ ექიმებმა ორსულ ქალს ერთხმად ნაყოფის მოცილება ურჩიეს, ის კი ჯიუტად უარზე იდგა. მაშინ გადაწყვიტეს მის მეუღლეს დალაპარაკებოდნენ. იქნებ მისთვის აეხსნათ თუ რა რისკის შემცველი იყო ჩაურევლობა.
- შეგიძლიათ მითხრათ, რომ ბავშვი ცოცხალი არ არის? - ვკითხე მაშინ ჩემთან ამ მისიით მოსულ ექიმს,  - ჯერჯერობით არა - მიპასუხა ექოსკოპისტმა, - ამის გაგებას დაახლოებით ათი დღე მაინც სჭირდება, ამ დროის გამავლობაში კი ადვილი შესაძლებელია, თქვენს მეუღლეს ძლიერი სისხლისდენა დაეწყოს და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.
- ამ შემთხვევაში მე მაინც ვამჯობინებ უფალს მივანდო ყველაფერი და კიდევ ათი დღე დაველოდო, ვიდრე სასწორზე შევაგდო ბავშვის სიცოცხლე. ვუპასუხე და ექიმს მივმართე:
- ან კი, თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა?
ექიმმა უკან დაიხია:  - მაშინ გთხოვთ მეუღლე გაძლიერებული ყურადღების ქვეშ გყავდეთ და თუ არაფერი მოხდა ერთი კვირის თავზე ისევ მომიყვანოთ, რათა ნაყოფის მდგომარეობა გადავამოწმოთ...
ასე დავშორდით, მაგრამ როგორც მეუღლე მომიყვა, ჩემთან საუბრის შემდეგაც მისულა მასთან და უთქვამს, თქვენი მეუღლე მღვდელია და არ ესმის რასთან გვაქვს საქმე. მოდი
თვენ თვითონ გადაწყვიტეთ და ნუ რისკავთ თქვენი სიცოცხლითო. მას კი თავი შორს დაუჭერია:  - რადგან მეუღლემაც ასე თქვა, ღვთის ნება იყოსო...
ასე წამოვედით და ერთი კვირის გამავლობაში მართალი გითხრათ შიშის ქვეშ ვლოცულობდით და ვევედრებოდით უფალს ჩვენი პატარის სიცოცხლისათვის...
გენახათ ექიმის რეაქცია, ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში რომ მივედით და ეხოსკოპია გადავიღეთ!
" - თქვენ გაიხარეთ მამაო, რა კარგი ქენით რომ არ დაგვიჯერეთ," ემოციებს ვერ იკავებდა ექიმი, " - ბავშვი ცოცხალია, სუნთქავს... ყველა ფიბროზული პრობლემა ალაგებულია. საოცრებაა, ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ნახეთ, ყველაფერი თავის ადგილზეა"...
* * *
ნათქვამი მქონდა, სანამ ცოცხალი ვარ, ყოველ სვეტიცხოვლობას მცხეთაში ჩავალ, კვართს ღამეს გავუთენებ და წირვაზე ვიმსახურებ-მეთქი.
იმ წელს სვეტიცხოვლობისთვის დღე-დღეზე შვილს ველოდებოდით და რადგან მეუღლეს სახლში მარტოდ ვერ დატოვებდი, ჩავისვი ტრანსპორტში ჩვენს ხუთ შვილთან და მრევლთან ერთად და მცხეთაში ღამისთევაზე წამოვედით.
ვწირეთ, ვეზიარეთ, შემდეგ თბილისში წავედით, ერთერთი მრევლთაგანის სახლიც ვაკურთხეთ და უკვე საღამოსკენ მეუღლეს ტკივილები დაეწყო...
სად წამეყვანა? - ვიფიქრე, რადგან მცხეთობაზე ვიყავით, ისევ მცხეთის სამშობიაროში წავიყვან-მეთქი...
ასე რომ მცხეთას დაიბადა კალმით დახატული გოგო...
loading...
სახელად "ნანა" გადავწყვიტე, (ნანა დედოფლის სახელზე), მაგრამ ამის შესახებ მეუღლეს რომ ვუთხარი, სასტიკად იუარა. "ეს სახელი არა და სხვა ყველაფერიო". მიზეზიც მითხრა და ვერ შევუბრუნე სიტყვა. კარგი, მაშინ მერვე დღისთვის მოვიფიქროთ-მეთქი. (სახელის დარქმევის მსახურება დაბადებიდან მერვე დღეს ხდება).
მერვე დღეს სამშობიაროდან რომ გამოვიყვანე, მანქანის მძღოლს ვთხოვე, სანამ სახლში მივალთ, სადმე ახლმახლო ტაძარს თუ ნახავ, გამიჩერე, ბავშვს სახელის დარქმევის ლოცვებს წავუკითხავ-მეთქი.
" - ბოლოსდაბოლოს რას არქმევ?" - მეკითხება მეუღლე, " - არ ვიცი, ღმერთი გვიჩვენებს" - ვუპასუხე და მანქანა შემთხვევით შეხვედრილ ტაძართან გავაჩერეთ.
" - ტაძარი ვისი სახელობისაა?" - შევეკითხე მესანთლეს. " - მეფე მირიანის და ნანასი" - იყო პასუხი.
გაოცებულმა მეუღლეს გადავხედე. ისიც არანაკლებ გაკვირვებული ჩანდა...
დიდება შენდა ღმერთო, თბილისში ხომ სულ ორად ორი ტაძარია წმ. მირიანის და ნანასი და იმ დღეს ჩვენ მაინცდამაინც იქ მოვხვდით...
* * *
ასეთი იყო მოვლინება და სახელდება ჩემი ფერად-ფერადი ემოციების ბუკეტისა ნანასი.
დღეს მისი დაბადების დღეა.
მას ძალიან უყვარს როცა ულოცავენ. დახატულ თვალებზე მაშინვე ცრემლები მოადგება და განიცდის...
მას ხომ შეშინებული ბეღურასავით უფთხრიალებს მკერდში გული...
მხოლოდ მას შეუძლია დედასავით მომეფეროს ხოლმე. პატარა რომ იყო ჩამიხუტებდა თავის ციცქნა მკერდში და მეფერებოდა:
" - მამიკო შენ ჩემი მალამო ხარ, მე შენი გადარჩენილი ვარ..."
ახლა დიდი გოგოა, მაგრამ მაინც მეფერება ხოლმე. მართალია იმ სიტყვებს უკვე აღარ მეუბნება, მაგრამ სიტყვები რა საჭიროა, როცა მის სიტყვებზე უფრო მეტყველად მისი უნაზესი თითები ლაპარაკობენ...

 

loading...