ვინ არის ვლადისლავ როსლიაკოვი, რომელმაც ქერჩში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

image
  • 1 152
17 ოქტომბერს დღისით 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში ცეცხლი გახსნა. ბოლო ინფორმაციით მან 18 ადამიანი მოკლა და თავი მოიკლა, დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი. მოკლულებს შორის უმრავლესობა მოზარდია.

არსებული ინფორმაციით, როსლიაკოვი ამავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, თუმცა მის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი ფაქტობრივად არაფერია. სავარაუდოდ, სწორედ როსლიაკოვია გამოსახული ფოტოზე, რომელიც კოლეჯის შიდა სათვალთვალო კამერამ გადაიღო. მან კოლეჯში 2015 წელს ჩააბარა.

ვლადისლავ როსლიაკოვის ნაცნობმა რუსულ არხ РБК-ს ანონიმურობის პირობით უამბო, რომ ახალგაზრდა „ვერ იტანდა სასწავლებელს ბოროტი ლექტორების გამო და მინიშნებით ამბობდა, რომ შურს იძიებდა“. „ის აგრესიულობით არ გამოირჩეოდა, იღებდა სტიპენდიას, თავისთვის ჩუმად იჯდა და ოთხი წლის განმავლობაში სამართალდამცველებთან არანაირი შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა ერთ-ერთი რუსული არხის ეთერში თვითგამოცხადებული ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.
loading...
ყველაზე მეტი ცნობა როსლიაკოვის შესახებ ტელეგრამ-არხმა Mash-მა გაავრცელა. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ მოზარდი საკუთარ თავში ძალიან ჩაკეტილი იყო, თითქმის არავისთან კონტაქტობდა და დიდი ხნის წინ გავიდა სოცქესელებიდან. გამოცემის ცნობით, როსლიაკოვის მშობლები განქორწინებულები არიან და მოზარდი ცხოვრობდა დედასთან, რომელიც ქერჩის ონკოლოგიურ საავადმყოფოში სანიტრად მუშაობს.

Mash-ს კიდევ ერთმა რესპონდენტმა, რომელსაც გამოცემა როსლიაკოვის ჯგუფელად მოიხსენიებს, განუცხადა, რომ ოთხშაბათს მოზარდი კოლეჯში ორი, ნაცრისფერი და შავი ზურგჩანთით მივიდა, რომ მეგობართან ერთად ის როსლიაკოვს მიესალმა და ეზოში გავიდა, რის შემდეგაც მალევე სროლის ხმა გაიგო.

კიდევ ერთი ტელეგრამ-არხი, ოღონდ წყაროს მითითების გარეშე წერს, რომ სექტემბრის დასაწყისში როსლიაკოვმა 12-კალიბრიანი თოფის ტარების უფლება მიიღო, მოგვიანებით კი ამ თოფისთვის 150 ვაზნა იყიდა. ყირიმის ბავშების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ჩინოსანმა ირინა კლიუევამ განაცხადა, რომ როსლიაკოვმა სანადირო თოფის ტარების უფლება ოქტომბერში მიიღო.

ვლადისლავ როსლიაკოვი კოლეჯის მეორე სართულზე გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური პირების ცნობით, მოზარდმა თავი მოიკლა.

 

loading...