ქვები, რომლებიც ფულს, წარმატებასა და ჯანმრთელობას მოგიტანთ

image
  • 698
დაუღალავად ვშრომობთ, მაგრამ საჭირო თანხას მაინც ვერ ვაგროვებთ, ან ჯანსაღი წესით ვცხოვრობთ და ავად მაინც ვხდებით. თუ გსურთ, თქვენმა მონდომებამ სასურველ შედეგამდე მიგიყვანოთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ბედნიერების მომტანი ქვები უნდა შეიძინოთ.

ვერძი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შთაგონება არაჩვეულებრივად ეხერხებათ, ამიტომ შესანიშნავ ლიდერებად ყალიბდებიან. გულის სიღრმეში ვერძი ყოველთვის ბავშვად რჩება და მისთვის ცხოვრება საინტერესო თამაშია... თუ ვერძი მიზანს ვერ მიაღწევს ან, უარეს შემთხვევაში, მიზანი საერთოდ არ გააჩნია, დეპრესიაში ჩავარდება. სულიერ დისბალანსს ჯანმრთელობის პრობლემებიც მოსდევს. სწორედ ამ პერიოდში ვერძებს ქვების ენერგია სჭირდებათ. თუ გსურთ, პრობლემებს გაუმკლავდეთ, საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოთ ან რომელიმე დაავადება დაამარცხოთ, ფირუზი და ალმასი შეიძინეთ.
რატომ ალმასი? ეს ძვირფასი ქვა ვერძს ძალების მოკრებაში ეხმარება და უარყოფითი ენერგიისგან იცავს. ვერძი, რომელიც ალმასს ატარებს, წარმატებით გადალახავს ნებისმიერ წინააღმდეგობას. ალმასი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, თუ მას საყვარელი ადამიანი გაჩუქებთ.
რატომ ფირუზი? ამ ქვას შეუძლია, მიზნის ადვილად მიღწევაში დაგეხმაროთ. თეთრ ფირუზს დიდხანს ნუ ატარებთ, რადგან მისმა ძლიერმა ენერგეტიკამ შეიძლება, დაგაზიანოთ ან გადაგღალოთ. სამაგიეროდ, ასტროლოგები ცისფერი ფირუზის რეგულარულად გამოყენებას გირჩევენ. ის დაგეხმარებათ პირადი ცხოვრების დალაგებაში, სულიერი ჰარმონიის აღდგენაში და საკუთარი თავის პოვნაში.

კურო
კუროსთვის მნიშვნელოვანია სულიერება, მაგრამ ფიზიკურ სილამაზესაც დიდ ყურადღებას აქცევს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალისტია. სურს, ბრენდული სამოსი ეცვას, ყოველ ღამით კარგად გამოიძინოს, მისი მენიუ კი გემრიელი კერძებით იყოს სავსე. ოჯახის წევრებს ზოგჯერ დესპოტურად ექცევა, რაც მისი უდიდესი მინუსია. თუ კუროს სურს, რომ ნაკლი გამოასწოროს და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს, აუცილებლად დასჭირდება აქატი და ზურმუხტი.
რატომ აქატი? კუროს მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან რთულია, მაგრამ, თუ რაღაცამ/ვიღაცამ სიმშვიდე მაინც დაურღვია, დიდხანს იჩხუბებს. სწორედ ამ მომენტში ლურჯი აქატი კუროს თვითკონტროლში დაეხმარება. თუ ლურჯი ქვა კუროს სულიერ ჰარმონიაზე ზრუნავს, შავი - ფინანსურ საკითხებს აგვარებს. კუროს, რომელიც შავ აქატს ატარებს, დააწინაურებენ ან პრემიას გადასცემენ. შეიძლება კონკურენტი კომპანიიდან უკეთესი შეთავაზებაც მიიღოს.
რატომ ზურმუხტი? ეს ქვა კუროებს კონსერვატული აზროვნებისგან ათავისუფლებს. ზურმუხტი მათ ინოვაციური იდეების მობილიზებაში ეხმარება, რაც კარიერულ წინსვლას განაპირობებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ზურმუხტი ნეგატიური სიტუაციებისგან იცავს.

ტყუპები
ტყუპებში ერთდროულად ორი პიროვნება ცხოვრობს. ამ ნიშის ქვეშ დაბადებული ადამიანები იმპულსურები და დინამიკურები არიან. თუ ტყუპებს გვერდით არ ჰყავთ გონიერი მეორე ნახევარი, რომელიც მათ ენერგიას მიზნისკენ მიმართავს, შეიძლება, ტყუილად დაიხარჯონ. ტყუპებს შეუძლიათ, მოვლენებსა და ადამიანებს სხვადასხვა რაკურსით შეხედონ. არც ერთ ნიშანს ისე არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება ან დასკვნის გამოტანა, როგორც ტყუპებს. ტყუპ კაცთან/ქალთან ერთად ვერასდროს მოიწყენთ, რადგან საინტერესო მოსაუბრეა, მაგრამ, თუ გრძელვადიანი ურთიერთობა გსურთ, იმედი გაგიცრუვდებათ. როგორც კი ტყუპებს დეპრესია შემოაწვებათ ან, უბრალოდ, მოწყენილობას იგრძნობენ, ახალ გასართობს იპოვიან. სამაგიეროდ ამ ნიშნის ადამიანები კარგ მეგობრობას გაგიწევენ.
სამწუხაროდ, ტყუპები იშვიათად გრძნობენ თავს ბედნიერად. მათ გულთან ახლოს არაფერი მიაქვთ, ინფორმაციას მხოლოდ გონებაში ატარებენ. ძალიან უჭირთ საკუთარ გრძნობებში გარკვევა. ყველაფრის მიმართ ინტერესს ადვილად კარგავენ, შესაბამისად, პროექტებსაც იშვიათად ამთავრებენ. თუ კარიერაში წარმატების მიღწევა და ნამდვილი სიყვარულის პოვნა გსურთ, მთის ბროლი და სერდოლიკი უნდა იყიდოთ.
რატომ მთის ბროლი? ასტროლოგების აზრით, ტყუპების კარმას ძალიან აბინძურებს ტყუილი. მთის ბროლი კი ასუფთავებს. თუ ტყუპებს საჯარო გამოსვლა აქვთ ან დისკუსიაში არიან ჩართულები, ეს ძვირფასი ქვა მობილიზებაში და საკუთარი სათქმელის სწორად ფორმულირებაში დაეხმარება. მთის ბროლი ითვისებს პატრონის მთლიან ნეგატიურ ენერგიას, სწორედ ამიტომ მას ხშირი გაწმენდა სჭირდება.
რატომ სერდოლიკი? ეს მინერალი ტყუპებს პარტნიორისადმი გრძნობებს გაუღრმავებს და შესაბამისად, ოჯახს გაამყარებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ დროს ტყუპები ეჭვიანები ხდებიან.

კირჩხიბი
თუ ეძებთ ადამიანს, რომელიც გიერთგულებთ, სახლში სიმყუდროვეს შეგიქმნით და თქვენს განცდებს ყოველთვის გაიზიარებს, გილოცავთ! ის არსებობს! სწორედ კირჩხიბი გაგიწევთ იდეალურ პარტნიორობას. ის არ შეწყვეტს თქვენ გაოცებას! თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ კირჩხიბები მიდრეკილი არიან ცრემლებისა და წუწუნისკენ.
ასტროლოგები გირჩევენ, არასდროს ეუხეშოთ კირჩხიბს. მაშინაც კი, თუ ძალიან გაგაბრაზებთ. ის მიიჩნევს, რომ თქვენში მწარედ შეცდა და შეიძლება მიგატოვოთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან კარგი ბიზნესმენები არიან. ინტუიციაზე დაყრდნობით სარისკო ნაბიჯებს ხშირად დგამენ. კირჩხიბს მთვარე მართავს, ამიტომ კაცებიც კი ზედმეტად ემოციურები არიან. ისინი წარუმატებლობას ალკოჰოლის ბოთლთან ერთად ხვდებიან. კირჩხიბი ქალი საუკეთესო დედაა. ის ფსიქოლოგიაში კარგად ერკვევა, ამიტომ ბავშვებთან საერთო ენას ადვილად პოულობს. კირჩხიბს ზრდასრულ ადამიანშიც კი შეუძლია ბავშვის დანახვა, რომელსაც შეიყვარებს და მოუვლის. თუ კირჩხიბს გულს ძალიან ატკენენ, ის თავისნაჭუჭში ჩაიმალება და სამყაროს ნამდვილ სახეს აღარ უჩვენებს.
რაც შეეხება მატერიალურ სფეროს, კირჩხიბებს „შავი დღის“ დადგომის ეშინიათ, ამიტომ ხელმომჭირნეობას იჩენენ და ჩუმად ფულს აგროვებენ.
კირჩხიბებო, შეიძინეთ გიშერი, მთვარის ქვა და მარგალიტი.
რატომ გიშერი? ეს ქვა ადამიანებს წინაპრებთან აკავშირებს და ეროვნულ ფესვებს აძლიერებს. კირჩხიბი სახლზეა მიჯაჭვული. გიშერს კი მისი სამფლობელოს ავი თვალისგან დაცვა შეუძლია. გიშერი შინ სიმყუდროვეს ქმნის, რაც კირჩხიბის ბედნიერების საწინდარია.
რატომ მარგალიტი? კირჩხიბს მარგალიტი ჯანმრთელობისთვის სჭირდება. ამ ქვას შეუძლია, თავიდან ააშოროს დაავადებები და ინფექციები.
რატომ მთვარის ქვა? მთვარის ქვა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულს წარმატების მიღწევაში დაეხმარება. სავსემთვარეობისას არ დაგავიწყდეთ თქვენი ქვის ფანჯრის რაფაზე დადება.
loading...
ლომი
ლომი მზის ნიშანია. მზემ ლომები არაერთი კარგი თვისებით დააჯილდოვა. ისინი დიდსულოვანი ადამიანები არიან, ადვილად ექცევიან ყურადღების ცენტრში და საზოგადოებაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ლომებს განვითარებული აქვთ მართვის უნარი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ და ახლობლებზე ყოველთვის ზრუნავენ. თუ გსურთ, გვერდით გყავდეთ კაცი, რომელიც საჩუქრებით გაგანებივრებთ და თქვენს ცხოვრებას ზღაპარს დაამსგავსებს, ლომი გჭირდებათ. როგორც სამსახურში, ასევე ოჯახსა და სამეგობროში თვითწარმოჩენის დაუშრეტელი სურვილი მათს უდიდეს მინუსად შეიძლება მივიჩნიოთ. ლომები მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას და ბედნიერებისთვის გამუდმებით ქება-დიდების მოსმენა სჭირდებათ.
ხშირად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებთან მოლაპარაკება თითქმის შეუძლებელია, ჰგონიათ, რომ არასდროს ცდებიან. მათი სიამაყე სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემებს წარმოშობს. ლომებო, თუ გსურთ, საყვარელი ადამიანი შეინარჩუნოთ და წარმატებას მიაღწიოთ, ყვითელი ციტრინი და საფირონი შეიძინეთ.
რატომ ყვითელი ციტრინი? ლომი ხშირად ხარჯავს ემოციურ და ფიზიკურ ენერგიას, ციტრინი კი სწრაფად აღადგენს დანაკარგს. ეს მინერალი საუკეთესო ანტიდეპრესანტიცაა.
რატომ საფირონი? საფირონი ამ ნიშანს სიბრძნეს მატებს, რითიც ლომი სიამაყის დაძლევას ახერხებს და ეგოცენტრიზმს თრგუნავს. საფირონის დახმარებით ლომი დამარცხებასაც ეგუება და სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. თუ ლომი დილემის წინაშე აღმოჩნდება, საფირონი სწორ გზას უჩვენებს.

ქალწული
არც ერთ ნიშანს არ აქვს ისეთი ანალიტიკური აზროვნება, როგორც ქალწულს. მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი, მათ შორის ურთიერთობები, მოწესრიგებული უნდა იყოს. ამ ნიშნის ადამიანები დისციპლინითა და აკურატულობითაც გამოირჩევიან. ქალწული სიყვარულს საჩუქრებით გამოხატავს, რადგან ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ საუბარი უჭირს. მოკრძალებული, რაციონალური და სკეპტიკოსი ქალწული ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს გადაწყვეტილებების მიღებისას. ის თითქმის არასდროს მიდის რისკზე. ქალწულებს აღიზიანებთ მოლოდინი და გაურკვევლობა, ერიდებიან ექსპერიმენტებს. მაგალითად, ის არასდროს შეისწავლის „კამასუტრას“ პარტნიორის გასაოცებლად. ქალწული ხშირ შემთხვევაში ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთში ვარდება: ან მეუღლის მოსამსახურეა, ან მისი ბატონი.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იყიდოს ტოპაზი, ოპალი და ნეფრიტი.
რატომ ტოპაზი? ტოპაზი ქალწულს სულიერ სამყაროს უვითარებს და მათ უფრო შემოქმედებითს ხდის.
რატომ ნეფრიტი? ნეფრიტი, განსაკუთრებით თეთრი, ინტელექტუალურ განვითარებაში უწყობს ხელს. ამას გარდა, ემოციების გამოხატვაში ეხმარება.
რატომ ოპალი? რძისფერი ოპალი პატრონის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ამ ქვას შეუძლია, ქალწულს ნამდვილი სიყვარული აპოვნინოს.

სასწორი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჰარმონიისკენ მიისწრაფვიან. სასწორებს იშვიათი ქარიზმატულობა ახასიათებთ. როგორც ყველა ჰაერის ნიშანი, ისინიც აფასებენ განათლებასა და თავისუფლებას. „არავითარი პასუხისმგებლობა!“ - აი, როგორ ესმით მათ თავისუფლების ცნება. სასწორს მარტოობის ეშინია, ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობა წყალივით სჭირდება. როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს სურთ, რომ კომპლიმენტებით აავსონ. თუ სასწორთან ახლო კავშირის დამყარებას გეგმავთ, თამამად ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე.
სასწორები, ტყუპების მსგავსად, გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ყოყმანობენ. სამაგიეროდ არაჩვეულებრივი დიპლომატები არიან და კომპრომისზე წასვლის ხელოვნებასაც ფლობენ.
ვარსკვლავებმა სასწორები გარეგნული და სულიერი სილამაზით დააჯილდოვეს. ქალები, მაშინაც კი, თუ მხოლოდ დიასახლისები არიან, ელეგანტურობითა და გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევიან. ამ ნიშანს ბედნიერებას მოუტანს ლალი და აქვამარინი.
რატომ ლალი? ლალი სასწორს გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება და უქრობს ეჭვს, რომელიც, ჩვეულებრივ, ცხოვრების ყველა ეტაპზე სტანჯავს.
რატომ აქვამარინი? აქვამარინი სასწორს უარყოფითი ენერგეტიკისგან ათავისუფლებს და უძლიერებს ჯანმრთელობას, საბოლოოდ კი ნანატრი ჰარმონიის მიღწევაში ეხმარება.

მორიელი
მორიელების შარმის წინაშე ყველა უძლურია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები თავდავიწყებით უყვართ ან სძულთ. მორიელს პატიება არ ეხერხება, მაგრამ თუ სასწაული მოხდა და გაპატიათ, იცოდეთ, თქვენს შეცდომას არასდროს დაივიწყებს და ოდესმე სამაგიეროს გადაგიხდით. ის მოთმინებით დაელოდება საჭირო მომენტს. არაფერი ხიბლავს მორიელს ისე, როგორც მძაფრი ემოციები და ადრენალინი. მორიელები ვნებიანი საყვარლები არიან და პარტნიორს დაუვიწყარ მოგონებებს ჩუქნიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნეფრიტი და თეთრი ფირუზი შეეფერებათ.
რატომ ნეფრიტი? ეს ქვა განწყობას აგიმაღლებთ, იღბალს მოიზიდავს და ცხოვრების გარკვეულ პერიოდს სიხარულით აგივსებთ. ნეფრიტის დიდხანს ტარება რეკომენდებული არ არის. ამ შემთხვევაში ის ფინანსური დანაკარგის მიზეზი ხდება.
რატომ თეთრი ფირუზი? ამ ქვას სხვაგვარად „ახალგაზრდა ფირუზსაც“ უწოდებენ. ის პლუტონის ენერგიითაა დამუხტული და მორიელს თვითრეალიზების საშუალებას მისცემს.

მშვილდოსანი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხელგაშლილები, სამართლიანები და გულწრფელები არიან. მათ მასშტაბური პროექტების წარმართვის ძალა შესწევთ და სათანადო ნებისყოფასაც ფლობენ. მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტი და ამბიციური ნიშანია. ის არასდროს დასჯერდება ჩვეულებრივი თანამშრომლის პოზიციას, იშრომებს და აუცილებლად მიაღწევს დირექტორის პოსტს. ხანდახან მისი მიზნები არარეალურია. შეიძლება, მშვილდოსანს იმედი ჰქონდეს, რომ კომპანიის აქციონერი მარტივად გახდება. მიზნის მიღწევაში მას ლაზურიტი და აქატი დაეხმარება.
რატომ ლაზურიტი? ეს ქვა მშვილდოსანს მატერიალური დოვლათის შექმნის საშუალებას აძლევს.
რატომ აქატი? ოდესმე ყველა მშვილდოსნის ცხოვრებაში დაოჯახების პერიოდი დგება. აქატი მას დაქორწინებისთვის საჭირო გამბედაობას შესძენს, ოჯახში სასურველ გარემოს შეუქმნის და შთამომავლობაზეც იზრუნებს. ამას გარდა, აქატი მას რეალობის შეგრძნებას დაუბრუნებს. ღრუბლებიდან მიწაზე დაბრუნებული მშვილდოსანი ძალებსაც რაციონალურად გაანაწილებს.

თხის რქა
თხის რქებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ქვების დახმარება. მართალია, ისინი მიზანდასახული, შრომისმოყვარე და სტაბილური ადამიანები არიან, მაგრამ ოჯახში ტირანებადაც იქცევიან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი მოსდით. პლუსებზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ თხის რქა ბავშვობიდანვე გონიერებითა და ლოგიკურობით გამოირჩევა. თინეიჯერობის პერიოდშიც კი იცის, რა სურს და საწადელს როგორ მიაღწიოს.
თხის რქა გვიან ქორწინდება. მისთვის ოჯახი მყარი ინსტიტუტია, ამიტომ განქორწინებას იშვიათად მიმართავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დიდი ნაწილი ძუნწია და ფულს გართობაში არასდროს ხარჯავს. იმისთვის, რომ თხის რქამ მინუსების გამოსწორება და ცხოვრებით ტკბობა შეძლოს, იასპი და ონიქსი დასჭირდება.
რატომ იასპი? შრომისმოყვარე თხის რქას, რომელიც საკუთარ თავს სამუშაოს უძღვნის, ენერგიის დაუშრეტელი წყარო სჭირდება. სწორედ იასპს შეუძლია მისთვის ფიზიკური და გონებრივი ენერგიის დაბრუნება.
რატომ ონიქსი? ონიქსი თხის რქაში ტირანს დათრგუნავს და ოჯახის წვერებთან კონფლიქტებს დააბალანსებს. თხის რქა, რომელიც ბედნიერ ოჯახში ცხოვრობს, უფრო სწრაფად განახორციელებს გეგმებს და შეაგროვებს ფულს.

მერწყული
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სამყაროს ცვლიან. ისინი ვარსკვლავებმა კრეატიულობითა და შინაგანი თავისუფლებით დააჯილდოვეს. მერწყულები აწყობენ რევოლუციებს, ქმნიან ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხელოვნების ახალ მიმდინარეობებს. ყველაზე ნაკლებად მათ ხალხის აზრი აინტერესებთ. აფასებენ მეგობრობას. მერწყულებისთვის მეგობრობა ორი ადამიანის სულიერი კავშირია. მათ მინუსების დანახვა უჭირთ, ამიტომ კაცთმოყვარეობით გამოირჩევიან. ინტელექტუალი მერწყულისთვის რასიზმი და ფანატიკური ნაციონალიზმი სრულიად მიუღებელია. ის არ აღიარებს ქორწინების სტანდარტულ მოდელს, რაც ხშირად პარტნიორს დისკომფორტს უქმნის და წყვილის დაშორების მიზეზი ხდება. მერწყულმა, პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა შეუთავსოს თავისუფლებისადმი სიყვარული და რჩეულის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა. თუ ჰარმონიული ურთიერთობა სურს, თამაშსა და ექსპერიმენტებს უნდა შეეშვას. მერწყულებმა ობსიდიანი და საფირონი უნდა შეიძინონ.
რატომ ობსიდიანი? ეს ქვა მერწყულს სტაბილურს გახდის და იდეების განხორციელებაში დაეხმარება. ობსიდიანი მას მორალური პრინციპების ჩამოყალიბებაშიც შეუწყობს ხელს.
რატომ საფირონი? ამ ქვის მეშვეობით მერწყულს საზოგადოების მაღალ ფენაში თავის დამკვიდრება შეუძლია.

თევზები
ემოციურ თევზებზე საზოგადოებრივი აზრი დიდ გავლენას ახდენს. სწორედ მინერალებს შეუძლიათ, თევზს სულიერი თავისუფლება მიანიჭონ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიდრეკილნი არიან ჰუმანიზმისკენ. თუ გსურთ, თქვენს რჩეულთან მჭიდრო ემოციური კავშირი დაამყაროთ, თევზები იპოვეთ! თუმცა, თუ ძლიერ საყრდენს ეძებთ, იმედი გაგიცრუვდებათ. თევზები დეპრესიულები არიან, გაურბიან გაურკვევლობებსა და პრობლემების მოგვარებას, დასახულ მიზანსაც რთულად აღწევენ. სიმხდალის გამო ისინი ხშირად მიმართავენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. ცხოვრების არასწორი წესი მათ ბოლოს უღებს. თუ თევზებს უნდათ, რომ შინაგანად გაძლიერდნენ, ამეთვისტო და საფირონი უნდა ატარონ.
რატომ ამეთვისტო? ამეთვისტოს „სულის მკურნალს“ ეძახიან. თევზის სულს ხომ ძალიან ხშირად სჭირდება მკურნალობა! ეს ქვა თევზებზე ძლიერი ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. „სულის მკურნალი“ თევზის ინტუიციასა და ლოგიკასაც ავითარებს, რაც ადამიანების ამოცნობაში ეხმარება. ეს მინერალი მავნე ჩვევებისკენ თევზის მიდრეკილებას დიდი ხნით თრგუნავს. ამეთვისტოს დახმარებით შემოქმედებით თევზებს უკეთესად შეუძლიათ საკუთარი თავის გამოვლენა.
რატომ საფირონი? საფირონი თევზებს იმ თვისებებს უვითარებს, რომლებიც აკლია: მდგრადობა, სულიერი სიძლიერე, მობილიზებისა და გადაწყვეტილებების სხარტად მიღების უნარი. თუ თევზს სურს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, საფირონი დაეხმარება.

 

loading...