სოფელ ბანძაში საფლავის გათხრის დროს დიდი ოდენობით ოქროს მონეტები იპოვეს

image
  • 934
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრის დროს მესაფლავეებმა დიდი ოდენობით ოქროს და ვერცხლის მონეტები იპოვეს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, 24 ნოემბერს გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავის გათხრა ჭირისუფლებმა მესაფლავეებს სთხოვეს, რომლებმაც მიწაში ჩამარხულ თიხის ქოთანში მოთავსებული სხვადასხვა ძვირფასი ნივთები, მათ შორის ოქროს და ვერცხლის მონეტები აღმოაჩინეს.

ინფორმაცია ცნობილია კულტურის სამინისტროსთვის და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს ძვირფასი ნივთების დათარიღებისა და წარმომავლობის საკითხი.

საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო, ვინაიდან ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ძვირფასი ნივთების საეჭვო წარმომავლობის შესახებ.

საქმე ის გახლავთ, რომ მესაფლავეებმა სასაფლაოზე ნაპოვნი მონეტების ნაწილი 10 ათას ლარად ჩააბარეს და როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, რესტორანში იქეიფეს, რის შემდეგაც ჩვენთვის უცნობმა პირმა სამართალდამცავებს მიმართა და მონეტების წარმომავლობის გარკვევა სთხოვა.  

ის, რომ მომხდარზე გამოძიება ნამდვილად დაიწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაგვიდასტურეს. უწყებაში განგვიმარტეს, რომ:
loading...
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში, შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნივთები იპოვეს. ფაქტის დასადგენად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს".

გამოძიებით დადგინდა, რომ "გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა  ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი მპოვნელმა მოქალაქეებმა ქალაქ ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში".

შსს-ში "პრაიმტაიმს" განუცხადეს, რომ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ სრულად ამოღებულია ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს  ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

ადგილობრივების გადმოცემით, მონეტები, სავარაუდოდ რამდენიმე საუკუნეს ითვლის, თუმცა ეს ოფიციალურად მას შემდეგ გაირკვევა, რაც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

 

loading...